რეგიონი
დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი ლტოლვილთა სამინისტროს სამხარაულის ექსპერტიზ პასუხის დამალვაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, აღნიშნული დასკვნა, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ არსებობდა, საკმარისი მიზეზი იყო ამორტიზირებული შენობიდან მათი გამოსახლებისა და ახალი საცხოვრებელი ფართის უზრუნველსაყოფად.

ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად ანაკლიაში ჩავიდნენ, სადაც დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში შეხვედრა იმართებოდა. თუმცა,უწყების წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს. შენობიდან გამოსულებს დევნილები ხმაურით დახვდნენ და მათ ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა განმუხტეს.

„დევნილთა სამინსტრომ დაგვიმალა სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი, რომელიც უკვე 2015 წელს არსებობდა. დასკვნის მიხედვით შენობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლისთვის საშიშია. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ლევან პაპავამ გვითხრა“,- თქვა ტარიელ ქობალიამ.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მრჩეველი ლევან ტერაშვილი დევნილების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ შენობიდან მათი გასახლება, მხოლოდამხოლოდ მათთვის მინიჭებული ქულების მიხედვით მოხდება.

„კომისიამ დაასრულა მუშაობა და ამ დღეებში მოხდება დევნილების შესახელება ბარამიას ქუჩაზე, ამისთვის კი აპლიკანტს შესაბამისი ქულები უნდა ჰქონდეს. ვისაც არ მოსწონს თავისი ქულები, მას აქვს გასაჩივრების უფლება და ამისთვის მან შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს“, - განაცხადა ლევან ტერაშვილმა.

დევნილები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ცნობისთვის, რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები რამდენიმე დევნილი ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტხანს შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.






Print