რეგიონი
ქართული ოცნება: როგორც არ უნდა ეცადოს ნაციონალური მოძრაობა, არეულობას ვერ დააბრუნებს
მმართველი პარტია ქართული ოცნება ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.

,,ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.
მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი.

მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს.

როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება.

აჭარის მოსახლეობასთან და მთავრობასთან ერთად, ჩვენ დავიცავთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ განვითარებას. ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან’’, -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმს.


Print