რეგიონი
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს (ვიდეო)
ზუგდიდში გამგეობიდან გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომელის ზვიად ლაგვილავას და, ლენა ლაგვილავა იმყოფებოდა. აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის გარდაცვალებას მისი ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებს. ლენა ლაგვილავას თქმით, მისი ძმა გუბერნატორის დავალებით მოკლეს, რადგან იგი კორუფციულ საქმეს იძიებდა, რაც შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საზიანო ყოფილიყო.

გარდაცვლილის და ლაგვილავას საქმეზე, რამდენიმე კვირის წინ მიღებულ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ამავე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილი მთავარი სპეციალისტი დემუშა ბარამია უსამართლოდ იხდის სასჯელს.

„ჩემი ძმა იბრძოდა სამართლის აღსადგენად. შონიას დავალებით, სუს-ის თანამშრომლმა ონისე კვაშილავამ დაგეგმა და განახორციელა მკვლელობა. ამ საქმეზე დაკავებული ბარამია არის უდანაშაულო, როგორც ჩვენს ოჯახზე, ასევე სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა“,- აღნიშნა ლენა ლაგვილავამ.

აღნიშნულ ბრალდებებს სამხარეო ადმინისტრაციაში უარყოფენ და აბსურდულს უწოდებენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზმა გამოიწვია.


Print