რეგიონი
სერგეი შამბა „არჩევნებზე“ : პოლიტიკაში ახალი თაობა მოდის
26 მარტს დე ფაქტო აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. რესპუბლიკური პარტია „ედინაია აფხაზიას“ ლიდერი, წარსულში „საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემირ მინისტრი და წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი“ სერგეი შამბა წლევანდელ საპარლემნტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მეორე ტურში ვერ გადავიდა.

სერგეი შამბამ, "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში, დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნები, ექს - პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის პარლამენტში მოხვედრის შანსები შეაფასა და მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზი გააკეთა.

შამბას განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის მეშვიდე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები მწვავე კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და ახალაგაზრდა კანდიდატების აქტიურობით გამოირჩეოდა.

„უმეტეს შემთხვევაში, კენჭს 40 წელს მიღწეული ადამიანები იყრიან, რომლებსაც თავის წარმოჩენა სურთ, ამიტომ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ვეტერანებმა მარცხი განიცადეს, მათ შორის - მეც. თუმცა, ისმის კითხვა, რამდენად მზად არიან ისინი დეპუტატობისთვის... მე უკვე მრავალი წელია ვიმეორებ, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, და არჩევნები პარტიული სიით უნდა ტარდებოდეს. ეს რომ თავის დროზე გაგვეკეთებინა, ახლა უკვე სხვა პოლიტიკური სისტემა გვექნებოდა და ხმას პარტიებს მივცემდით და არა პიროვნებებს“, - აღნიშნა ყოფილმა „დეპუტატმა“.

შამბას განმარტებით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა აქამდე უცნობ სახეებს აძლევს ხმას, იმაში მდგომარეობს, რომ თაობათა ცვლის დრო დადგა. მისივე თქმით, ადამიანების უმრაველესობა უკმაყოფილოა იმით, რაც ომის შემდგომ პერიოდში მოხდა, რასაც ისინი ძველ თაობას უკავშირებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტში მიდიან, სწორედ უფროსი თაობის კრიტიკის ხარჯზე აკეთებენ ამას. ისინი თვლიან, რომ გაცილებით უკეთ გაართმევენ თავს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას,“- პასუხობს შესაბამის კითხვას „ედინაია აბხაზიას“ ლიდერი, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ აუცილებელია „პარლამენტში გამოცდილი ადამიანები მოხვდნენ, რადგან, ამაზეა დამოკიდებული, თუ რა კანონებს მიიღებენ, რა პოლიტიკური ბრძოლა იქნება მომავალში“.

დე ფაქტო აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში ექს - პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გამოჩენა, შამბას აზრით, ახალ კონფლიქტურ სიტუაციებს შექმნის, როგორც პარლამენტში ასევე, ქვეყანაში. მათ შორის, იმ მიზნებთან დაკავშირებით, რაც ახლბედა კანდიდატების წინაშე დგას. მეორე მხრივ, ის თვლის, რომ ჯერჯერობით, ანქვაბი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომლის გარშემო, სავრაუდოდ, გარკვეული ძალების დაჯგუფება მოხდება, რაც ანგარიშგასაწევია.

Print