რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამსახურიდან ატესტაციის შედეგად გათავისუფლებული გამგებლებისა და კახა კვარაცხელიას სასამართლო სხდომა 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

პროცესზე ყოფილმა საჯარო მოხელეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაუშვეს. 

სხდომაზე გათავისუფლებულებთან ერთად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა გოგია, სკაიპის საშუალებით კი კომიის წევრი ლავრენტი ალანია დაიკითხნენ.

ლაშა გოგიას თქმით, საჯარო მოხელეებმა განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვებსაც ვერ უპასუხეს, თუმცა გოგიას არ ახსოვს, კონკრეტულად რას ვერ გასცეს მათ პასუხი. მან ვერც შედეგების ოქმის ხელმოწერის თარიღი გაიხსენა. გოგიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება კომისიის წევრ ლავრენტი ალანიას, მან სასამართლოს განუცხადა, რომ ყველა გასაუბრებას ესწრებოდა, თუმცა მოსარჩელე მხარე ამ ფაქტს უარყოფს.

კომისიის სხვა წევრები მომდევნო სხდომაზე 27 მარტს დაიკითხებიან.

ცნობისთვის, ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. 

Print