რეგიონი
ზუგდიდში გათავისუფლებული გამგებლები დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებენ

ზუგდიდში ატესტაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული სოფლის გამგებლები ყოფილ და ამჟამინდელ გამგებლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ მათ სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მათ ედიშერ თოლორაია და ლაშა გოგია პუშკინის ქუჩაზე არსებულ ბეტონის შენობაში შეხვდნენ და სოფლის წარმომადგენლებს მოთხოვეს, მეორე ტურში მათთვის სასურველი შედეგის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლებით დაემუქრნენ.

„ეს, პირველ რიგში, მე მეხებოდა, ბრალად დამედო, თითქოს, ყველა პარტიას შევხვდი აბასთუმანში, თუმცა მე მათ მხოლოდ, როგორც მასპინძელი, ისე ვხვდებოდი“, - თქვა გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა აბასთუმანში ვახტანგ კუტალიამ.

გამგებლების ბრალდებებზე ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ თქვა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობაში არ ჩარეულა.

„ამ ბრალდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რადგან არავინ დამინიშნავს და არავინ გამითავისუფლებია“, - განუცხადა თოლორაიამ რადიო „ათინათს“.

ცნობისთვის, ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

 


 

Print