რეგიონი
ზუგდიდში 144-მა დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან ახლადაშენებულ კორპუსში 144 დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები კენჭისყრის პრინციპით გადაუნაწილდათ. განაწილების პროცესს, რომელიც კომბინატის კულტურის სახლში დღეს ჩატარდა, ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

„რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სიაში, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვხვდებით მათ და ვაძლევთ არგუმენტირებულ პასუხს, თუ რატომ ვერ მიიღეს ამ ეტაპზე ბინა“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა მიიღეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართები პირველ სართულზე ექნებათ.

Print