რეგიონი
რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში გენდერული თანასწორობის საკითხზე დისკუსია გაიმართა. თემაზე „რატომ არის გენდერული თანასწორობა ყველასათვის მნიშვნელოვანი, მათ შორის მამაკაცებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე ფილმის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით ჩატარდა.

„დისკუსია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა, სხვადასხვა მოსაზრება იყო შეჯერებული და გაზიარებული. ასევე, გავიხსენეთ რეგიონის ღვაწლმოსილი ქალები“, - აღნიშნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ნათია ბჟალავამ.

შეხვედრაზე შეკრებილებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციებულ პროექტებსა და მომავალ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ქალაქის საკურებულოში მიმდინარეობს წარმოება თვითმმართველობასთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომლის დებულებაზეც ჩვენთან ერთად მუშაობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. საბჭოს წევრები იქნებიან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც“, - განაცხადა თოდუამ.

შეხვედრის ბოლოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის წევრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რისი მიზანიც ქალთა გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ინიცატივის ხელშეწყობა იყო.

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს აღინიშნება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს რეგიონებში საჯარო ლექციებს, ქალების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს და დისკუსიებს მართავენ.


Print