რეგიონი
ზუგდიდის მერია: ანაკლიამდე ველოტრასის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტით რთულია
ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის შესაძლო მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით აღნიშნული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რთული იქნება.

"ჩვენ ველოდებით, რომ ეს საინტერესო პროექტი განხორციელდება, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტით ეს რთულია. აღნიშნულ საკითხს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განიხილავს", - აცხადებენ მერიაში.

ველობილიკის მოწყობის შემთხვევაში კომპანია "ივერია მოტორსი" და მის პარტნიორი ფრანგული კომპანია SMOOVE მზადყოფნას გამოთქვამენ ველოსადგომები მოაწყონ.

"პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ველოტრასები, შესაძლებელია, აქაც ჩავდოთ მცირედი თანხები, თუმცა ეს ველობილიკები თვითმმართველობამ უნდა მოაწყოს", - უთხრა რადიო "ათინათს" "ივერია მოტორსსის" წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ.

მისივე თქმით, მათ მუნიციპალიტეტში ველომოძრაობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი მზად აქვთ და მზაობის შემთხვევაში ინვესტიციას განახორციელებენ.

ცნობისთვის, დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის მოწყობა იგეგმება.

Print