რეგიონი
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ბათლომე შელიას მიერ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მიმართ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია. საკრებულოს წევრი დაინტერესდა, რატომ არ განთავსდა სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი დუტუ მეგრელის ქუჩაზე იმ ადგილას, რომელიც საკრებულომ გადაწყვიტა. დავით ხუბუასა და შელიას შორის დავა კი საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თაზო ფაცაციასა და „ევროპული საქართველოს“ წევრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფაცაციამ შელიას მოუწოდა, პასუხს დალოდებოდა, რაზეც საკრებულოს წევრმა უთხრა, რომ მან არ იცის თემა, რომელსაც მისი კითხვა ეხებოდა.

„ხუბუასთან ერთად ვიყავით ამ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ და მეზობლებთან ერთად განვსაზღვრეთ ის ადგილი, სადაც სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი უნდა განთავსებულიყო. საკრებულოს სხდომაზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა ბორცვი ნახევარი წლის შემდეგ სრულიად სხვა ადგილას გააკეთა. პირად საუბრებში ხუბუამ აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო, თუმცა ახლა ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არასწორი იყო და ბორცვის განთავსების ადგილი თავად შეარჩია“, - თქვა შელიამ.

დავით ხუბუამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რაც შეეხება დაპირისპირებას, შელიას თქმით, ეს არასასიამოვნო ფაქტია, რომელიც აღელვების ნიადაგზე მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის სხდომაზე მალევე განიმუხტა.



Print