რეგიონი
სენაკის საკრებულოში ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში’’ განიხილეს (ვიდეო)
სენაკში საკრებულოს სხდომაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში, საკრებულოში 6 სოფლის პეტიცია განიხილეს. მასში წარმოდგენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა შიდა სასოფლო გზების და ხიდის რეაბილიტაცია, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება და მოსაცდელების მოწყობა.

ინფრასტრუქტურული განყოფილების უფროსის ვახტანგ ფაცაციას თქმით, სოფელ ზანაში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის თხოვნით განათლების სამინისტროს მიმართეს, რადგან არსებული სტადიონი მდებარეობს სკოლის ეზოში. მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ რეაბილიტაცია ახლო მომავალში შესრულდება. ასევე, ახალ სოფელში შემზღუდავი ბარიერების, ხოლო ნოქალაქევში მოსაცდელების მოწყობა იგეგმება. 

,,რაც შეეხება ჭალადიდისა და თეკლათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან მოლაპრაკება. სავარაუდოდ, დააფინანსებენ შემოვლით გზას 2 კილომეტრს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ ამ ფონდს და პროექტი ჩანაცვლდეს უშუალოდ ცენტრალური გზის შეკეთებით,’’- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ.  

პეტიციის განხილვას სენაკის გამგებელი არ დაესწრო, რის გამოც ენმ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა კუჭავამ სხდომის გადადება მოითხოვა. მისი თქმით, სხდომაზე გამგებლის ყოფნა აუცილებელი იყო და სწორედ მისგან უნდა მოესმინათ პასუხი სოფლის წარმომადგენლებს. თავისმხრივ, ასოციაცია ,,ათინათის'' წარმომადგენელმა აკაკი კოროშინაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობამ აღნიშნული პეტიციებით საკრებულოს მიმართა, შესაბამისად ისინი პასუხს საკრებულოსგან ელოდნენ. 

პროექტი „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის 20 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მას არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „დემოკრატიის ინსტიტუტი,“ ასოციაცია “ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ახორციელებენ.

Print
თეგები: სენაკი / პეტიცია /