რეგიონი
წალენჯიხის ბაგა-ბაღისთვის იაფფასიანი კარაქის მიწოდების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხაში ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით.

„ბრალდებულებმა შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა - ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print