რეგიონი
ლავროვმა სოხუმში რუსეთის საელჩო გახსნა
სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსი "ოფიციალურად" გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და "აფხაზეთში რუსეთის ელჩმა" სერგეი გრიგორიევმა მიიღეს მონაწილეობა.

დღეს იგეგმება სერგეი ლავროვის შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან. "მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხებს განიხილავენ", - წერს აფხაზური მედია. ლავროვი დე ფაქტო აფხაზეთში ორდღიანი ვიზიტით 18 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩასვლას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების "უხეშ დარღვევად" და მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. 

"აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას",- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Print