რეგიონი
ლებარდეში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას დაპირისპირება მოჰყვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კურზუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, რომ შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათ გაედევნენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

უწყების განმარტებით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

Print