რეგიონი
გალის რაიონის მცხოვრებლები „აფხაზეთში ბინადრობის უფლებას“ მიიღებენ
დე ფაქტო აფხაზეთის საპასპორტო სამმართველომ ბინადრობის უფლების გასაცემად განცხადებების მიღება დაიწყო. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, საბუთების მიღების,განხილვის, გაფორმების ან ანულირების ფუნქციებს საპასპორტო განყოფილებები შეასრულებენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბინადრობის უფლება, წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც „უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, აფხაზეთის რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრების, თავისუფლად გასვლისა და შემოსვლის უფლებას ანიჭებს. მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული ბინადრობის უფლება, ამავე დროს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც იქნება“.

აღნიშნული საბუთი გამარტივებული წესით გაიცემა „უცხოეთის მოქალაქეზე, რომელიც დაიბადა გალის რაიონის ტერიტორიაზე (აფხაზეთის ასსრ) და მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში 1999 წლის 12 ოქტომბრიდან არანაკლებ 10 წლისა, მისი ოჯახის წევრებზე, (ცოლი/ქმარი) და არასრულწლოვან შვილებზე“. ბინადრობის უფლება 5 წლის ვადით გაიცემა.

ცნობისთვის, გასული წლის 29 დეკემბერს აფხაზურმა პარლამენტმა გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სამართლებრივს სტატუსის დარეგულირების მიზნით, „ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ბინადრობის უფლების მიმნიჭებელი ბლანკები დაამტკიცეს.

Print