რეგიონი
„აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსეთთან საზღვარს შიდა პასპორტებით გადაკვეთენ
სოხუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც სერგეი ლავროვის ვიზიტის შედეგებს მიეძღვნა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო „ორმაგი მოქალაქეობის პროცედურის დარეგულირებას, ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის შემდგომი აღიარების და დაფინანსების კომპლექსური გეგმის შემუშავების საკითხებს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს დე ფაქტო ხელისუფლება სერგეი ლავროვის ვიზიტზე საქართველოს რექციას, დაურ კოვემ უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა არ იცვლება.

„ჩვენ პერიოდულად ვახსენებთ ჩვენს მეზობლებს და დასავლელ პარტნიორებს, არსებული რეალობის შესახებ. თავად ქართულ საზოგადოებაში საკითხის აქტუალურობა დღითიდღე სუსტდება, თუმცა ხელისუფლება ისევ და ისევ წამოწევს ამ საკითხს, რათა ხალხის ყურადღება გადაიტანოს სოციალური საკითხებიდან სხვა თემებზე", - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კოვემ ჟენევის დისკუსიებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მათთვის აქტუალურია, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციების გაჟღერების ერთადერთი სივრცე.

"მაგალითისთვის, ჟენევის ბოლო დისკუსიებზე ქართულმა მხარემ აფხაზეთში საკონტროლო პუნქტების დახურვა ევროპულ საზოგადოებას წარუდგინა, როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა და გალის მოსახლეობის უფლებების დარღვევა. თავის მხრივ, აფხაზურმა მხარემ, დამკვირვებლებს შესთავაზა აღნიშნული საგუშაგოების დათავლიერება, რათა ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ ქართული მხარის განცხადებები უსაფუძვლოა", - თქვა აფხაზმა დიპლომატმა.

მისი თქმით, აუცილებელია საკითხების ობიექტური გაშუქება, ამიტომ ისინი აფხაზი ჟურნალისტების ჟენევის დისკუსიებში მონაწილოების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

რუსეთთან საზღვრის „შიდა პასპორტებით“ გადაკვეთის კომენტირებისას, დაურ კოვემ განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს რუსულ მხარესთან და ის 1-2 თვეში გადაწყდება. შედეგად, „აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთთან საზღვრის გადაკვეთას ახალი ნიმუშის შიდა პასპორტებით შეძლებენ“.


Print