რეგიონი
,,არაღიარებული ძალადობა’’ - დისკუსია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე (ვიდეო)
ზუგდიდში ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა'' (WISG) სამართალწარმოების ანგარიში ,,არაღიარებული ძალადობა’’ წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი 2016 წლის წარმოებული საქმეების, გაწეული სამართლებრივი კონსულტაციებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ანალიზს მოიცავს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გენდერული და იდენტური ნიშნით ძალადობის საკითხი სამეგრელოს რეგიონში აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა.

,,ანგარიშში, ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების საფუძველზე, გაანალიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერის ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ინციდენტების გამოძიება, ქალთა ან ლგბტ პირთა დისკრიმინაცია", - აღნიშნა ორგანიზაციის იურისტმა ქეთი ბახტაძემ.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს'' საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობამ’’ უმასპინძლა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი მექანიზმები ამ კუთხით გვაქვს, ის მოუქნელია და საჭიროა მისი შეცვლა. მსგავსი დისკუსიები ემსახურება გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხის წამოწევას", - თქვა ,,თანასწორობის მოძრაობის'' წევრმა ცაბუნია ვართაგავამ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ.

Print