რეგიონი
რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: "საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების წარამოდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა".

დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას პაატა როგავამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და ბლაგვი საგანი რუს მესაზღვრეს სახის არეში ჩაარტყა. როგავებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ამჟამად ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

დაკავებულის ოჯახის ახლობლებმა არჩიკო და პაატა როგავების გათავისუფლებას მოთხოვნით, ენგურის ხიდზე მასშტაბური აქცია დაანონსეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

Print