პოლიტიკა
ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

მან ყურადღება გაწეულ სარესტორნო ხარჯებსა და მანქანების მომსახურებაზე გაამახვილა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.

,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლების სარესტორნო ხარჯები დაფინანსდა და მან წელიწადისა და ექვსი თვის განმავლობაში 70 821 ლარი შეადგინა
“, - აღნიშნა თორიამ.

რაც შეეხება მანქანების მომსახურებას, მისი ვარაუდით, ავტომობილების შეკეთებაზე თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა.

„ავტომობილები "ქართული ოცნების" ინტერესებისთვის გამოიყენეს... ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურების ხარჯები, საწვავის გარეშე არის 1 699 434 ლარი. ეს არის წელიწადი და ექვსი თვის ხარჯები. ესეთ მცირე დროში, თან ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც არის ზუგდიდი, ეს არის კოლოსალური თანხა“, - აღნიშნა თორიამ.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ქალაქის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print