რეგიონი
"ქალები სუფთა გარემოსთვის" - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია ,,სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრმა ’’ ახალი პროექტის ,,ქალები სუფთა გარემოსთვის’’ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 7 თემის, ცაიშის, ცაცხვის, რუხის, ჭითაწყარის, კოკის, ორსანტიისა და ხურჩის წარმომადგენლებს პროექტის მიზნები და მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, საჭიროა თემში ცნობიერების დონის ამაღლება და ქალთა ჩართულობის გაზრდა ნარჩენების მართვის საკითხებში.

,,ასევე, საჭიროა თვითმართველობის ჩართულობა დასუფთავების სამსახურთან ერთად, რათა მოხდეს თემის ტერიტორიიდან ნარჩენების ოპერატიულად გატანა და შესაბამისად ვიცოდეთ, თუ რა მავნე ზემოქმედებას იწვევს ნაგავი ჩვენს გარემოზე,’’- აღნიშნა მან.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს თემში ნაგვის კონტეინერების სიმცირეზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სამეგრელო-ზემო სვანეთში ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს არარსებობით გამოწვეულ პრობლემაზე.

,,მართალია სოფლებში არის ნაგვის კონტეინერები, მაგრამ ზოგი მათგანი მიუვალ ადგილასაა, რის გამოც მოსახლეობას უჭირს მისვლა და ითხოვენ კონტეინერების დამატებას,’’- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ირუზა კაკავამ.

მომავალში, პროექტის ფარგლებში, შვიდივე თემის წარმომადგენლებს ტრეინინგები ჩაუტარდება.


Print