პოლიტიკა
სოხუმი: ტრამპის გადაწყვეტილება ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება, რომლის თანახმად, ამერიკა არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

„მწუხარებას იწვევს ის, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აირჩია ჩიხისკენ მიმავალი გზა და მხარი დაუჭირა საქართველოს აბსურდულ მოთხოვნას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის უფრო მეტ ბლოკადასა და საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს. აშშ-ის ლიდერები, რომლებიც თავს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში, დაუფარავად ატარებენ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, რითაც მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებენ“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას და აბათილებს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის გადადგმულ ძალისხმევას“.

ცნობისთვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ნაურუს გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ასევე, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული ჰქონდათ ასევე ვანუატუსა და ტუვალუს, რომელთაც მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვეს.

Print