რეგიონი
NDI: გამოკითხულთა 63 %-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: რუსეთი - 63 %, თურქეთი - 6 %, ამერიკა - 5 %, საქართველო - 1 %, სომხეთი - 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.

რაც შეეხება კითხვას, რომელი ქვეყანა უზრუნველჰყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ხმები ასე გადანაწილდა: ამერიკის შეერთებული შტატები - 35 %, საქართველო - 12 %, რუსეთი - 10 %, აზერბაიჯანი 2 %, საფრანგეთი 1 %, თურქეთი 1 %, გერმანია 1 %, სომხეთი 1 %. კატეგორია „არც ერთი“ აირჩია 18 %-მა, ხოლო 17 %-მა პასუხი „არ იცის“.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ხალხს სარგებელს მოუტანს, რესპოდენტების 80 % - თვის კი მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, 51 % თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 40 % მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 8 %-მა გასცა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-დან 28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.




Print