რეგიონი
სოხუმში რესტორანი "ამრა" დაიხურა
სოხუმში რესტორან „ამრას“ შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ შენობის მეპატრონემ ზურაბ ჯგერენაიამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა. მისი განმარტებით, ნავმისადგომის ჩამონგრეული ნაწილის სიგრძე, დაახლოებით, ოთხი მეტრია, ხოლო სიგანე - ერთი მეტრი.

„იმისათვის, რომ რესტორანი კვლავ აღდგეს აუცილებელია დიდი თანხები, სამწუხაროდ, „ამრას“ შემოსავალი ამის საშუალებას არ იძლევა. რკინის კონსტრუქცია, რომელზეც რესტორანი დგას, დროთა განმავლობაში გაცვდა და საჭიროა კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძნელი იქნება რაიმეს შეკეთება“, - განმარტა ჯგერენაიამ.

მსგავს შემთხვევას ერთ თვის წინაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, მაშინ „ამრას„ მეპატრონემ სახელდახელოდ ხის გადასასვლელები მოაწყო. 

რესტორანი „ამრა“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სოხუმში გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, მის დამაარსებლად მიხაილ ბღაჟბას მიიჩნევენ.

Print