რეგიონი
სოციალურად დაუცველი ოჯახი: დახმარება დენის გადასახადის გამო მოგვიხსნეს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს სოფელ ზედა ეწერში გერგედავების ოჯახი მოინახულეს. ოჯახის წევრების თქმით, მათ სოციალური დახმარება გასულ თვეს მოუხსნეს, მიზეზად კი კომუნალური გადასახადის ოდენობა დაასახელეს. მათივე განმარტებით, ოჯახს პენსიის გარდა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია. გერგედავების სამსულიანი ოჯახი სოციალური დახმარებას 2015 წლიდან იღებდა.

მოვიდა კომისია, ჩაწერეს ოთახების რაოდენობა, რამდენს ვიხდიდი დენის გადასახადს. ეს, დაახლოებით, 18-დან 25-მდე ლარია. დედაჩემს, რომელიც 80 წლისაა, თვალის პრობლემები აქვს, ბავშვი კი შშმ პირია და მათ შესაბამისი პენსია ეძლევათ. უსამართლობაა, ჩვენ რომ სოციალური დახმარება მოგვიხსნეს“, - თქვა ოჯახის წევრმა გოდერძი გერგედავამ.

აღნიშნულ ფაქტს ასევე უსამართლოს უწოდებს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან თორია. ის ადგილობრივი ხელისუფლებას მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და შესაბამისმა სამსახურმა გერგედავებს კუთვნილი დახმარება აღუდგინოს.

„მინდა მივმართო მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნუ დატოვებთ ამ ოჯახს ასეთ მძიმე მდგომარეობაში, მით უმეტეს, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი ელექტროენეგრიის გადასახადი - 18 ლარია“, - თქვა თორიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ცქვიტაია არ გამორიცხავს, რომ ფულადი დახმარების შეწყვეტის მიზეზი მართლაც ელექტროენერგიის საფასურის გადასახადის ოდენობა გახდა.

„შესაბამისმა კომისიამ გადაამოწმა გერგედავების ოჯახის პრიობები, მათ მიიღეს 71 640 ქულა, რომელიც ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. ჩემი სუბიექტური აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ელექტროენერგიის გადასახადიც, წლის განმავლობაში 224 ლარი შეიძლება იყოს“, - განმარტა ცქვიტაიამ.

მისივე თქმით, მომართვის შემთხვევაში ოჯახის საცხოვრებელ პირობებს ხელახლა გადაამოწმებენ, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ მიღებული დასკვნა შეიცვალოს.


Print