რეგიონი
სოხუმი: ინვესტორი მზადაა „ამრა“ აღადგინოს
სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგურ ხარაზიას განცხადებით, ინვესტორი მზადაა რესტორანი „ამრა“ აღადგინოს. “ეს ობიექტი იურიდიულად " აბხაზუნივერსალტორგს“ ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტს ექვემდებარება. თავის დროზე ობიექტი ვიღაცამ დაიკავა, შემდეგ ის რამდენჯერმე გაიყიდა...“, - აღნიშნა ხარაზიამ.

მისი თქმით, როგორც კი ინვესტორი მიიღებს „ხელისუფლების და პარლამენტის ნებართვას და შესაბამის დოკუმენტებს, მაშინათვე შეუდგება შენობის აღდგენას“.

ამავე ცნობით, უახლოეს დროში სოხუმის ადმინისტრაცია რესტორან „ამრას“ ჩამონგრეულ ნავმისადგომს შემოღობავს, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

სოხუმში რესტორან „ამრას“ ნავმისადგომის ნაწილი ჩამოინგრა. მსგავს შემთხვევას ერთ თვის წინაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, მაშინ „ამრას„ მეპატრონემ სახელდახელოდ ხის გადასასვლელები მოაწყო. ამჯერად, მისი დახურვა გახდა აუცილებელი.

რესტორანი „ამრა“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სოხუმში გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, მის დამაარსებლად მიხაილ ბღაჟბას მიიჩნევენ.

Print