რეგიონი
არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში (ვიდეო)
ზუგდიდში მოქმედმა 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მიმართეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და გადაწყვეტილება არა პარტიული დირექტივებით, არამედ ადგილობრივების მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღონ.

საუბარია რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ სხდომაზე, რომელზეც მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილეს და დოკუმენტი საკრებულოებს თანმხობის მისაღებად გადაუგზავნეს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ მომავალ პარასკევს არის ჩანიშნული საკრებულოს სხდომა. მივმართავთ საკრებულოებს, რომ მოსახლეობასთან დისკუსიების გარეშე არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მოქალაქეები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. გადაწყვეტილება არა პარტიულ დირექტივებს, არამედ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას უნდა ემყარებოდეს
“, - აღნიშნა ორგანიზაცია „საუნჯეს“ თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან თვითმმართველი თემისა და თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას და მას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რადგან, მისივე თქმით, არსებული პრობლემების მოგვარება მეტი ფინანსური რესურსითა და დამოუკიდებლობითაა შესაძლებელი.

გვახსოვს დაპირება, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდებოდა, რაც მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნას ნიშნავს. თუკი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შევადარებთ ევროპის მუნიციპალიტეტებს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტები გვაქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ამ გადაწყვეტილებაზე, არ შეეხონ თვითმმართველ თემებსა და ქალაქებს“, - თქვა თოდუამ.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე „არასამთავრობოებმა“ მიმართვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებს გადაუგზავნეს. მას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები : „ საუნჯე“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება „ “ISFED”, „სამოქალაქო აქტოვობისა და თანასწორობის ცენტრი“, „ნეოგენი“, „თანაზიარი“ და „მერკური“.


Print