რეგიონი
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ სამთავრობო დოკუმენტს განსახილველად უახლოეს სხდომაზე გაიტანს. ამ გადაწყვეტილებას მხარი კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა კარლო ღადუამ დაუჭირეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომა პროტესტის ნიშნად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ დატოვა.

წითლიძის თქმით, უმრავლესობის წევრებმა აღნიშნული საკითხი თავისივე ნების წინააღმდეგ, გუბერნატორის დავალებით გაიტანეს. დეპუტატი მოქალაქეებს მოუწოდებს დაესწრონ საკრებულოს იმ სხდომას, რომელზეც მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ განვითარების შესაძლებლობას ართმევს ზუგდიდს“
, - აღნიშნა წითლიძემ.

კომისიის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ კომისიის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუსვევს კითხვა იმის შესახებ, რატომ არ გამართეს საჯარო განხილვა მოსახლეობასთან, რაზეც ნუგზარ სარიამ უპასუხა, რომ კანონი მათ ამას არ ავალდებულებს.

„ის აუცილებელი დოკუმენტები, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ერთვის აღნიშნულ სამთავრობო წერილს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავიდეს. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, ეს სამთავრობო კომისიამ თავად უნდა გადაწყვიტოს“, - თქვა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმდჯომარემ ნუგზარ სარიამ.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ლევან შონიას მსგავსი შეხვედრა არასოდეს გაუმართავს.

"ანა წითლიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა, არც გუბენატორს დაუბარებია კომისიის წევრები. შესაბამისად, ეს განცხადება სრული სიცრუეა. შეგიძლიათ კითხოთ ამ და სხვა კომისიის წევრებს, ოდესმე თუ გამართულა მსგავსი შეხვედრა გუბერნატორთან? - პასუხი იქნება უარყოფითი, რადგან მსგავსი "დაბარებების" და ზეწოლის დრო დასრულდა" - აცხადებენ გუბერნიაში.


ცნობისთვის, დღეს ზუგდიდში მოქმედმა 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მიმართეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და გადაწყვეტილება არა პარტიული დირექტივებით, არამედ ადგილობრივების მოსაზრებების გათვალისწინებით მიიღონ.


ამავე თემაზე:

არასამთავრობოები საკრებულოებს: ჩართეთ მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღებაში (ვიდეო)
Print