რეგიონი
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს (ვიდეო)
ზუგდიდის მერიასთან ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართული აქცია, რომელიც თენგიზ ჯგუშიამ თანამოაზრეებთან ერთად გამართა, დასრულდა. მათ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საკრებულოს წევრებს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრება და პერმანენტული აქციები დაანონსეს.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხის ნდობა ძალაუფლების სრული კონცენტრაციით დაიბრუნოს და მოახდინოს ხელისუფლების ცენტრალიზაცია. წაართვას ადგილობრივებს თვითმმართველობა“, -
განაცხადა ჯგუშიამ.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა გამგებლის ყოფილი მოადგილე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გურგენ სართანიაც.

ქალაქსა და რაიონს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს. სამი წლის წინ მერია შეიქმნა, დასაქმდა ხალხი, გამოდის, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯვა იყო ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები სამსახურის გარეშე რჩებიან“, - აღნიშნა სართანიამ.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან სიმბოლურად გვირგვინი იმის აღსანიშნავად მიიტანეს, რომ, მათი თქმით, საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქის სტატუსების გაუქმების შესახებ მათი მხრიდან ზუგდიდის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, დასამარებას ნიშნავს.

მათ მოგვიანებით ზუგდიდის გამგეობისკენ გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია დასრულდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიასთან მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ

Print