რეგიონი
ანაკლიაში პორტის მიმდებარედ ქალაქის აშენება იგეგმება
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქის პროექტის განვითარება იწყება. ახალ კომპანიას, რომელიც ქალაქს განავითარებს, ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს. ბოჭორიშვილი ამ დრომდე საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

„ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქი მიმზიდველი იქნება, როგორც მსუბუქი ინდუსტრიის, ისე მომსახურების სფეროსათვის;

„ის ღია იქნება გლობალური კორპორაციების, ფინანსური და სადაზღვევო სექტორების, კვლევისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის. ქალაქი დაეფუძნება შემოქმედებითი ეკონომიკური სიახლეების კონცეფციას, ბიზნესის დერეგულაციას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ქალაქის გაშენება 1 000 ჰა ფართობზე იგეგმება, სადაც ინდუსტრიული პარკი, საოფისე ფართები, საგამოფენო სივრცებები და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამასთან, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია. ქალაქს კომპანია „ანაკლია სითი“ განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან.

ცნობისთვის, ამავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.

Print