რეგიონი
სოლიდარობის აქცია აფთან მუხთარლის მხარდასაჭერად
თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა, რომელშიც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და აცხადებენ, რომ ის უკანანოდ დააკავეს და გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე.

მათ საქართველოს მთავრობას ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

„მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც.

„ეს არის ძალიან საზიანო ქვეყნის იმიჯისთვის. მსგავსი ფაქტები ხდებოდა 90-იან წლებში. როდესაც ასეთი რამ ხდება, დაუყოვნებლივ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტებები. უნდა ახსნან, თუ როგორ მოხდა ეს ადამიანი აზერბაიჯანში. როგორ გაუჩინარდა საქართველოდან. ან უნდა გაკეთდეს ახსნა-განმარტება სწრაფად ან უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


Print