რეგიონი
ზუგდიდის გამგებელი: საჯარო მოხელის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება ჩემთვის მიუღებელია
,,ჩემთვის, როგორც გამგებლისთვის, საჯარო მოხელის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება მიუღებელია. ამის გამო ზაზა ფარცვანია შენიშვნას მიიღებს.’’ ამის შესახებ რადიო ,,ათინათს’’ ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ საჯარო მოხელის მიერ აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტების მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთთან დაკავშირებით განუცხადა.

ზუგდიდის გამგეობის ააიპ „ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორმა ზაზა ფარცვანიამ ,,ფეისბუკის’’ საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით გამოყენებულ სტატუსებში სიძულვილის ენა გამოიყენა. ამასთან, საჯარო მოხელემ ქართველი ჟურნალისტები, რომლებმაც გატაცებული აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია კომიტეტის სხდომაზე გამართეს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.






ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება და ბაქოში გადაყვანა გააპროტესტეს. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოულოდნელად თავზე პოლიეთილენის პარკები წამოიცვეს. ამავე ფორმით გამოხატეს პროტესტი ჟურნალისტებმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".

ამავე თემაზე:
სიძულვილის ენა საჯარო მოხელის პოსტებში
Print