რეგიონი
სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებების ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს
სახალხო დამცველმა „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე გამყოფი ხაზის სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სოციალური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა. გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციები წარმოადგინა.

ანგარიშში მოხვდა 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი და აღნიშნულია, რომ ამ საკითხის ირგვლივ გამართული „ამაო მოლაპარაკებები ნათლად წარმოაჩენს მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, რაც აჭიანურებს გამოძიებას და აფერხებს სიმართლის დადგენას“.

გარდა ამისა, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებების ფაქტებთან დაკავშირებით.




„დაკავებულთა ზუსტი ოდენობა უცნობია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მათ 193 დაკავების შემთხვევა დააფიქსირეს, მათ შორის 18 ქალის და 13 არასრულწლოვნის. თუმცა, ეს მონაცემი დაკავებულთა რეალური რაოდენობის მხოლოდ 5-10%-ია. რუსეთის სასაზღვრო ძალების ცნობით, 2009-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მათ 14 000 პირი დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული პროქტებისა, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონების გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობა მწვავედ განიცდის ომისგან მიყენებულ ზიანს და მთავარ პრობლემად შემოსავლის წყაროს მოძიება რჩება.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს მოუგვარებელი კონფლიქტის გავლენაზე არასრულწლოვნებზე და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე შემაშფოთებელია ბავშვების, მათ შორის ჩვილების და მათი მშობლების დაკავების ფაქტებს შემაშფოთებელს უწოდებს. გარდა ამისა, „2016 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა არაერთი შემთხვევა, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე ადგილი ჰქონდა დაკავებულების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საკვებისა და სასმელი წყლის შეზღუდვის ფაქტებს“.

სახალხო დამცველი მიესალმება რომ 2016 წელს დადებულ შეთანხმებების 18 პატიმრის გასათავისუფლებლად.

„ამ საკითხს სახალხო დამცველი 2014 წლიდან აყენებდა და შესაბამისად, დადებითად შეაფასა საქართველოს და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დაწყებული დიალოგი“, - აღნიშნულია ანგარიშში.





ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველი


დადებით მოვლენად აფასებს ნანუაშვილი „4 წლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა. თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაბრკოლებები. ასევე მცირეა იმ საერთაშორისო დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც გააძლიერებდნენ აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო საზოგადოებას. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებზე“.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და ოკუპირებული რეგიონების ჩართვას საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამისათვის საჭიროა მთავრობამ შეიმუშაოს კოორდინირებული, მოქნილი და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული მექანიზმები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამავე თემაზე:


რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს

აფხაზეთში დაკავებული არასრულწლოვანი ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია

სუსი: 2016 წელს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 193 ადამიანი დააკავეს
Print