ახალი ამბები
მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ადგილობრივებმა ელექტროგადამცემი ბოძების ჩადგმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.ისინი იმ სახლის ეზოში შეიკრიბნენ, რომელიც ვალტერ აქუბარდიამ საჩუქრად საპატრიარქოს გადასცა, ეპარქიამ კი ენერგოკომპანიას მიჰყიდა. ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობა კომპანია „ენერგოტრანსი“ უკვე დაიწყო. ადგილობრივები ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ იმაში დასარწმუნებლად, რომ აღნიშნული სამუშაოები მათი ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

„თავის დროზე, როცა იწყებოდა სამუშაოები, გვქონდა აქციები, მაგრამ მათ პოლიციაც უდგათ გვერდით. გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფო მიწაა. როცა თქვენს ნაკვეთსა და სახლს შეეხებიან, მაშინ ილაპარაკეთო. არავითარი დოკუმენტი არ მოუტანიათ“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მანანა აქუბარდიამ.



საპატრიარქოსთვის ნაჩუქარ მიწაზე ენერგოკომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ ვალტერ აქუბარდიას ოჯახის წევრებიც.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არ დაანგრიონ აქაურობა. ეს სახლ-კარი სავაჭრო ობიექტი არ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს აქუბარდიების ოჯახის სიძემ სოსო ციმინტიამ.

ადგილზე იმყოფებოდა ადვოკატი თანდილა ჯოლოგუაც. მისი თქმით, მას საპატრიარქოს რწუმენებულება აქვს და არსებულ სიტუაციაში გაერკვევა. მან ადგილობრივებს მეუფე გერასიმესთან შეხვედრა შესთავაზა.

"აქ საუბარია, თითქოს, საპატრიარქომ ვიღაცებზე გაასხვისა მიწა. მინდა გავარკვიო რეალურად, რა ხდება. თუ ეს მიწა საპატრიარქოს კუთვნილება იყო, როგორც გადაეცა ენერგოკომპანიას. მე ვთავაზობ ადგილობრივებს და ვპირდები მათ, რომ რამდენიმე მათგანის მეუფესთან შეხვედრას უზრუნველვყოფ, რომ გაირკვეს ყველაფერი“, - თქვა ჯოლოგუამ.




ვალტერ აქუბარდიას მიერ საპატრიარქოსთვის ნაჩუქარი სახლ-კარი


ჭალეს მოსახლებას სამართლებრივ კონსულტაციას საია უწევს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, მომზადებულია სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანენ.

„სასამართლოში შევა სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლომ ყადაღა დაადოს მიწას, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა, უქმნის თუ არა საფრთხეს ელექტროგადამცემი ხაზები მოსახლეობას. აქედან ოჯახები სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ და საშიშროება რეალურია“, - აღნიშნა ჭკადუამ.

„ენერგოტრანსის“ მიერ ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას აპროტესტებს ჭალეს ცენტრში მცხოვრები მოსახლეობაც. ადგილობრივების თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები საცხოვრებელ სახლებთან დასაშვებზე მეტად ახლოს გადის, ამიტომაც ისინი კომპენსაციას ითხოვენ და დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ.




აქციას შემოუერთდნენ ფასანაურის მაცხოვრებლები, რომლებიც ჭალეში სპეციალურად ადგილობრივების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. მათ ამავე ენერგოკომპანიასთან ანალოგიური პრეტენზიები აქვთ. ერთ-ერთი მათგანის, ბადრი დავითურის თქმით, ისინი ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევარების ჯგუფის ჩამოყვანას გეგმავენ, რომელმაც არსებული მდგომარეობა და საფრთხეები უნდა შეისწავლოს.

„ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას სოფელ ჭალეს მოსახლეობას. ასევე ვამზადებთ მოთხოვნას ამერიკელი მკვლევარების ჩამოყვანაზე და მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოაწერონ ხელი ამ მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს მათი ჩამოსვლა. დაიდოს დასკვნები და მორჩეს ეს დავები“, - აღნიშნა დავითურმა.



ჭალეში მიმდინარე აქციაზე ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. 



ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებენ და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, ჭალეში ელექტროგადამცემ ბოძებს კომპანიები „ენერგოტრანსი“ და „კავკასენერგო“ ერთობლივად დგამენ. მოსახლეობის მოთოხვნების პასუხად, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა და მოსახლეობის ნაწილმა, რომელსაც კომპენსაცია ეკუთვნოდა, თანხა უკვე მიიღო. 

ამავე თემაზე:

ჭალეში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ჭალეს მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას აპროტესტებს (ვიდეო)

Print