რეგიონი
ქალაღალის მოსახლეობა: ყოველი წვიმის შემდეგ ხის ხიდს სახელდახელოდ ვაწყობთ (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის ქალაღალის უბანში ადიდებულმა მდინარემ სახელდახელოდ მოწყობილი ხის საცალფეხო ხიდი წაიღო. ადგილობრივების თქმით, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ისინი მდინარეზე გადასასვლელს ხელახლა აწყობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხიდ-ბოგირს აშენებას ითხოვენ. აღნიშნულ უბანში 6 ოჯახი ცხოვრობს.

,,ჩვენს უბანში ძალიან ცუდი მდგოამრეობაა. წყალი, როცა ადიდდება ხიდი მიაქვს. მანქანით ვერ გადავდივართ... ბავშვი ცუდათ რომ გაგვიხდეს, სასწრაფოც ვერ მოდის. მთავრობას ვთხოვთ, რომ გაგვიკეთოს ხიდი ’’, - თქვა ფახულანის მცხოვრებმა რუსუდან მარგუცამ.

თავის მხრივ, ფახულანში გამგებლის წარმომადგენლი ჯონი გოგოხია ამბობს, რომ ის აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხიდის მოწყობა დაგეგმილი არ არის. თუ როდის მოუგვარდებათ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივებს, გამგებლის წარმომადგენელს ზუსტი პასუხი არ აქვს.

ცნობისთვის, გადაუღებელი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. სოფლებში შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა, დატბორა ათობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულები. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა დააზიანეს საავტომობილო გზის ნაწილები და ხიდ-ბოგირები.

Print