რეგიონი
თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიელ ფერმერებს მავნებლის შესაწამლი აპარატი გადასცა (ვიდეო)
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს სოფელ ორსანტიაში წევრ ფერმერებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა. აპარატები ადგილზე დღეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და მთავარმა აგრონომმა ჩაიტანეს. 



„ჩვენ "ფერეროსა" და USAID-ის მხარდაჭერით ასოციაციის წევრ ფერმერებს მაღალი ეფექტურობის აპარატები დავურიგეთ. გარდა იმისა, რომ ვეხმარებით მავნებელთან ბრძოლაში, ასოციაცია დამწყებ და უკვე გამოცდილ ფერმერებსაც უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას",- აღნიშნა თოდუამ.




თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა ორსანტიელი ფერმერების კითხვებს უპასუხა და მათ შესაბამისი რჩევებიც მისცა.

„ჩვენ ვურჩევთ ფერმერებს, რომ წამლობა ჩაატარონ კომბინირებული ნაზავებით, რომ ერთი შრომითი დანახარჯით უფრო დიდ ეფექტს მივაღწიოთ. რაც შეეხება შეწამლვის ვადებს, ეს დაგვიანებული არ არის. კლიმატიდან გამომდინარე, წამლობის დაწყება სწორედ ახლაა ეფექტური, თუმცა, რაც შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში“, - თქვა რევაზ შონიამ.




ადგილობრივმა ფერმერებმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადეს. მათი განმარტებით, თხილის მავნებლის პრობლემა სოფელში, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მათ საკუთარი ძალებით პლანტაციების შეწამლვა არ შეეძლოთ.




„სამი წელიწადია, ვწვალობთ. მადლობლები ვართ ასოციაციის, რომ მოგვიტანეს შესაწამლი მოწყობილობა. საკუთარი ძალებით ჩვენ შეწამლვას ვერ მოვახერხებდით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ფერმერმა გენადი ხაზალიამ.



ორსანტიის გარდა, თხილის მწარმოებელთა ასოცაიციის წევრ ფერმერებს შესაწამლი აპარატები და შესაბამისი აღჭურვილობა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც გადაეცემათ.



პარალელურად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს დაიწყო. ორსანტიელ ფერმერებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

Print