რეგიონი
კომიტეტის სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა პროექტი მუხლობრივად განიხილეს და კანონპროექტში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.თვითმმართველის სტატუსი უნარჩუნდება თბილისს, ფოთს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს. აღნიშნული სტატუსი უუქმდება ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, გორს, ამბროლაურის, ოზურგეთსა და მცხეთას.

გარდა ამისა, კომიტეტის სხდომაზე მხარი ასევე დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკითხს ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ტერმინები „გამგეობა“ და „გამგებელი“ ტერმინებით „მერია“ და „მერი“ იცვლება.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებების მიზეზად სამინისტროში ადმინისტრაციულ ხარჯებსა და 2014 წელს განხორციელებული რეფორმის არაეფექტურობას ასახელებენ.


Print