რეგიონი
სოხუმი: ძალიან ახლოს ვიყავით ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებასთან
დღეს სოხუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟენევის დისკუსიების მე - 40 რაუნდის შედეგები განიხილეს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ ამჯერად მხარეები, ძალიან ახლოს იყვნენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებასთან, თუმცა, ქართულმა მხარემ ბოლო მომენტში გადაწყვიტა ეს საკითხი შემდეგი რაუნდისთვის გადაედო. მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების, მოქალაქეთა „აფხაზური პასპორტებით“ გადაადგილების, საკონტროლო გამშვები პუქნტების დაკეტვის და სხვა საკითხები განიხილეს.

კოვემ აღნიშნა, რომ აფხაზურმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა ნატო - საქართველოს ერთობლივ სწავლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ზრდიან დაძაბულობას რეგიონში და ხელს უშლიან სამშვიდობო პროცესებს. დიპლომატის თქმით, „აფხაზეთი ჟენევის ფორმატში არ დაიწყებს დევნილთა საკითხის განხილვას, მანამ, სანამ მას სხვა საერთაშორისო სივრცეების გამოყენების საშუალება არ მიეცემა“.

დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილის ბატალ კობახიას თქმით, ქართული მხარე ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის, ასევე აფხაზეთის ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციაში ჩართვის შესაძლებლობით დაინტერესდნენ.

«ეს შეუძლებელია – განაცხადა მინისტრის მოადგილემ – აფხაზეთში არსებული ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ყველა ობიექტი აფხაზი ხალხის მონაპოვარია და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გამოყოს რომელიმე მათგანი, და თქვას, რომ ეს ქართული ან ბერძნული არქიტექტურაა …», - თქვა კობახიამ.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10- 11 ოქტომბერს გაიმართება.



Print