პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის კანდიდატებს პარტიები უახლოეს კვირებში წარადგენენ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დაასახელა.

ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მხოლოდ მერს და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.




ზუგდიდის მერის კანდიდატურაზე არ არიან შეჯერებული მმართველ პარტიაში. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატსა და ამავდროულად, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ედიშერ თოლორაიას ვერ დაუკავშირდა.

„თოლორაია ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან პარტია ზუგდიდის მერობის კანდიდატზე ჯერ არ შეთანხმებულა. არც ის ვიცით, როდის წარვადგენთ კანდიდატს“, - თქვა მერი შენგელაიამ.

მერობის კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებში დაასახელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ამბობს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი კონსულტაციების რეჟიმშია. რაც შეეხება ზუგდიდის მერად უშუალოდ მისი კანდიდატურის წარდგენას, ანი წითლიძე აღნიშნულ ინფორმაციას არც უარჰყოფს და არც ადასტურებს.



„ძალიან ბევრ ადამიანზეა მსჯელობა, მათ შორის, არიან ძველი და ახალი კადრებიც, პარტიულებიც და არაპარტიულებიც. აქცენტი კონკრეტულ კანდიდატებზე ამ ეტაპზე არ კეთდება. მას შემდეგ, რაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, დავასახელებთ კანდიდატებს“, უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარადგენს „ევროპული საქართველო“. ლაშა დამენიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის.

„დაახლოებით, 9 ივლისისკენ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და წარვადგენთ კანდიდატს“, - თქვა დამენიამ.

მერობის კანდიდატები არ ჰყავს „პატრიოტთა ალიანსს“. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ბაციაშვილმა განუცხადა.

„ჯერჯერობით, კანდიდატები არ გვყავს და თუ გვყავს, ჯერ ვერ დაგისახელებთ, ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ბაციაშვილმა.

უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობა ზუგდიდის მერის არჩევნებში ზვიად სიჭინავა. მისივე თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში, ის მზადაა, კენჭი ნებისმიერი პარტიის სახელით იყაროს.


„მე არ ვარ პარტიული, თუმცა, ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის, ნებისმიერ პარტიასთან, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისთვის მზად ვარ“, - თქვა სიჭინავამ.

მერობის სულ რამდენ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება ზუგდიდელებს და ვინ იყრის კენჭს აღნიშნულ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გახდება ცნობილი.



ამავე თემაზე:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
Print