პოლიტიკა
საკრებულოს თავმჯდომარე: არავითარ ინტერაქტივში ხმის მიცემას ადგილი არ ჰქონია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება. რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების წარწერებში აღნიშნულია, რომ გამგეობის თანამშრომლები ტელეკომპანია "TV პირველის" Facebook ინტერაქტივში მერობის სასურველი კანდიდატის შესახებ ხმას კახი კალაძეს აძლევენ.



ფოტო: ეკა ხერხეულიძე

მაიზერ ნანავა რადიო „ათინათთან“ აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ პარტიის ოფისში ადგილობრივი აქტივი ხშირად იკრიბება. ამ ეტაპზე კი ისინი უკვე არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. გარდა ამისა, ნანავა ამბობს, რომ ის კახი კალაძის კანდიდატურას თბილისის მერის პოზიციაზე მხარს უჭერს.

„ საარჩევნოდ ვემზადებით და არავითარი ინტერაქტივში ხმის მიცემას ადგილი არ ქონია. ვერ გეტყვით, რას ემსახურებოდა აღნიშნული ფოტოების გავრცელება. მინდა გითხრათ, რომ არავითარი დახურული შეხვედრა არ ყოფილა, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში. მე პარტიული კაცი ვარ, საკრებულო კოლეგიალური პარტიული ორგანოა და სამუშაო დროის დასრულების შემდეგ საჯარო მოხელეების პარტიის ოფისში შეკრება პრობლემა არ არის. მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ვთქვა, რომ სადაც უნდა იყოს, თბილისში თუ მარნეულში, ნებისმიერ სოფელში, მინდა, რომ გაიმარჯვოს "ქართულმა ოცნებამ''. მინდა, რომ კახი კალაძე გახდეს თბილისის მერი. რაც შეეხება ხმის მიცემას, ამისთვის პარტიის ოფისში შეკრება არაა აუცილებელი, ხმის მიცემა ქუჩაშიც შეგვიძლია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნანავამ.



ფოტო: ეკა ხერხეულიძე

აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გაავრცელეს. მოგვიანებით კი ფოტოების შესახებ ინფორმაცია TV პირველის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში წამყვანმაც გააჟღერა.



Print