რეგიონი
„საიაში“ მიგრაციის საკითხზე იმსჯელეს (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგნლებმა პროექტის ,,მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში’’ შესახებ შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის იურისტებმა პროექტზე მუშაობისას მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ამასთან, შეხვედრაზე ემიგრანტების გარშემო არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

მიგრაციის პროექტის რეგიონალური ოფიცრის მარიამ გოროზიას თქმით, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ემიგრანტების გამოგზავნილი თანხა საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე და მკურნალობაზე იხარჯება და არ იდება თუნდაც ინვესტიციაში და განათლებაში. მისივე თქმით, ,,საია’’ ამ პრობლემების გარშემო მუშაობას განაგრძობს და უკვე ახალი პროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელიც უშუალოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული.

,, ჩვენ ვცდილობთ ე.წ. „ტვინების გადინება“ ქვეყნიდან ტვინების ცირკულირებით შევცვალოთ და უკვე ჩამოსულმა ემიგრანტებმა შეძლონ თავიანთი უნარ-ჩვევები, განათლება და მათი რესურსი უკვე თავიანთი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ამ საკითხში სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. რამოდენიმე რეინტეგრაციის პროგრამა ემიგრანტებისთვის უკვე არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით ახალი პროექტების და პროგრამების შემუშავება უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონპროექტი ამ მიმართულებით და უნდა შემუშავდეს ისეთი ეფექტური მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების ინტეგრაციას, მათ განვითარებას და მათი ეკონომიკური ფონის გაზრდას ’’,- თქვა გოროზიამ.

აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში მიგრაციული ფონის და ამ კუთხით არსებული პრობლემების დადგენა იყო. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print