რეგიონი
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოდ, საარჩევნო ოლქები ხელახლა შეიქმნება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო ოლქები შეიქმნა. საარჩევნო უბნები, მათი ნომრები და სახელები განისაზღვრა იმ თვითმმართველ ქალაქებშიც, რომლებიც პარლამენტის 15 ივნისის დადგენილებით მუნიციპალიტეტებთან ერთიანდება, მათ შორისაა ზუგდიდიც. 

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ოლქები საცხოვრებლისა და სახელწოდებების მიხედვით, საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა.



„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ესაა ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადები. კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიები ვალდებულია, რომ ამ საარჩევნო წელს, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, საარჩევნო უბნები შექმნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო ოლქები, რომელიც შეიქმნა, არის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის ანუ გამგებლისა და მერის არჩევნებისთვის და საზღვრები ზუსტად ემთხვევა მუნიციპალიტეტების საზღვრებს. რაც შეეხება ადგილობრივი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, ისინი არჩევნების დანიშვნიდან ორი თვის ვადაში იქმნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მიქელაძემ.

ჩვენს კითხვაზე, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემდეგ, როგორ განსაზღვრავს ცესკო საოლქო საარჩევნო უბნებს, ანა მიქელაძემ გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ცესკოს ექნება საშუალება, გარდამავალი დადგენილებით ცვლილებები შეიტანოს.



„თუკი კანონმდებლობაში შევა ცვლილებები და ამოქმედდება, სააჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა გარდამავალი დადგენილებით შეიტანოს ცვლილება ან მიიღოს ახალი განკარგულება, რომლითაც ხელახლა განისაზღვრება საარჩევნო ოლქები და შესაბამისად, ხელახლა იქნება დადგენილი ნომრები და სახელები განსაზღვრულ ვადებში“, - განმარტა სპიკერმა.

რაც შეეხება არასამათავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის რეგისტრაციას, მიქელაძის თქმით, ჯერჯერობით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი აქტი არ გამოცემულა და რეგისტაციის შესაძლებლობა მხოლოდ არჩევნების დღის ოფიციალური გამოცხადების შემდეგ ექნებათ.




Print