რეგიონი
აფხაზეთში ნარკომანისათან საბრძოლველად საპარლამენტო კომისია შეიქმნა
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ სიტუაციას სპეციალური კომისია გააკონტროლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში „საპარლამენტო კომისიის" პირველ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენს დროში ნარკომანიის პრობლემამ სოციალური უბედურების ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, ნარკომანია - ჩვენი დროის ჭირია. წლიდან წლამდე იზრდება ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი. ნარკომანია საფრთხეს უქმნის დემოგრაფიას და ერის სიჯანსაღეს. ჩვენ უნდა გავუწიოთ კოორდინირება ყველა ჩვენს ძალისხმევას და ამ ბოროტებას ბრძოლა გამოვუცხადოთ, იმისთვის რომ სიტყვებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდეთ“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატმა ასატამურ არშბამ.

აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები გამოვიდნენ წინადადებით, გამკაცრდეს სასჯელი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელებისთვის.

„ჯანდაცვის სამინისტროს“ სამკურნალო - პროფილაქტიკური სამმართველოს წარომადგენლის ს. დელბას განცხადებით, გაიზარდა ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი მოზარდებსა და ქალებს შორის.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ეშსოუ კაკალიამ საშინელი უწოდა აფხაზეთში ნარკომანიასთან არსებულ სიტუაციას. დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის საკითხს. ითქვა, რომ მხოლოდ დამსჯელი ღონისძიებებით ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ „შსს-ს, პროკურატურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები“ შეიმუშავებენ ერთობლივ წინადადებას და ერთ თვეში წარუდგენენ კომისიას, რომლის შემადგენლობაში რვა დეპუტატი შევა.


ფოტო: "სპუტნიკ აბხაზია"
Print