რეგიონი
გიორგი შონიასა და ნიკა ლაშხიას პოეზიის საღამო ზუგდიდში (ფოტო-ვიდეო)
გიორგი შონიასა და ნიკა ლაშხიას პოეზიის საღამო სახელწოდებით ,,აუცილებელი წინაპირობა" Art House-ში გაიმართა. ღონისძიებაზე გიორგი შონიამ იგივე ჰანს პრომველმა ლექსები კრებულიდან ,,ფაბრიკაცია’’ წაიკითხა.



პოეტის თქმით, დღევანდელი საღამოს ,,აუცილებელი წინაპირობა’’ არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზროს, თუ რა სოციო-პოლიტიკური პრობლემების წინაშე დგას.



,, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გააზრებული, თუ რა პრობლემებია ჩვენ გარშემო. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ. ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ გავხდეთ ესეთი საზოგადოების წევრები. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა მოვიდა, ვისთვისაც იწერება ჩვენი ლექსები და ვის სათქმელსაც ამბობს რაღაც კუთხით’’, - თქვა შონიამ.



რაც შეეხება ნიკა ლაშხიას, მან რამდენიმე ახალი ლექსი, მათ შორის, მისი ერთადერთი პოემა წაიკითხა.



,,დღეს ძირითადად წავიკითხეთ ლექსები სოციალურ თემაზე, იმ ყველაფერზე , რაც ჩვენ ირგვლივ ხდება’’,- აღნიშნა ლაშხიამ.



პოეტების ინფორმაციით, მათი ლექსები აზერბაიჯანულ და შვედურ ენებზე ითარგმნება.



ღონისძიებას ზუგდიდელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




ორი პოეტის საღამო ხვალ წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმშიც გაიმართება.

Print