ახალი ამბები
ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ეკიპაჟს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ (ვიდეო)
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



კვირიკაშვილმა სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის მეთაურს ბესიკ გაბიანსა და ეკიპაჟის წევრებს: ბესიკ ბაკურიძეს, შალვა შალიბაშვილსა და დიმიტრი ქააძეს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მათ ადიდებულ მდინარეზე პრაქტიკულად დასვეს ვერტმფრენი, რის გამოც ისინი ჯილდოს იმსახურებენ.



„ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი, ასეთი მაღალპროფესიონალური ოპერაციით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა... ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.



ცნობისთვის, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ორი ადამიანის გადარჩენა ბათუმიდან ჩამოყვანილმა მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს. რაულ პაპავა და მამუკა გელანტია შეშის მოპოვების მიზნით მდინარე დილით გადალახეს, თუმცა მთაში ინტენსიური წვიმების გამო ნაპირზე ვერ გადმოვიდნენ და ხობისწყალში არსებულ კუნძულზე ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

ხობისწყალში არსებულ კუნძულზე მყოფი ადამიანები გადაარჩინეს (ვიდეო)

მდინარე ხობისწყალის კუნძულზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენს ელოდებიან


Print