რეგიონი
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს გარემოს დაცვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ(ვიდეო)
სამეგრელოს რეგიონში მომუშავე მედია საშუალებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის„ ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ჟურნალისტებთან შეხვედრა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, სადაც მათ გარემოს დაცვის საკითხებსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვაზე ესაუბრნენ.

არასამთავრებო ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ.

„დღეს მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბილმრავლფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა ანაკლიაში პორტის მშენებლობისას, რამდენად იქნება დაცული ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა და სხვა გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები“ , - განაცხადა ჩხობაძემ.



შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამეგრელოში არსებულ ენდემური სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

„სამეგრელოში ენდემური ჯიშების სიმრავლეა, თუმცა არსებობს მათი გადაშენების საფრთხე, რასაც ხელს უწყობს ინოვაზიური სახეობების შემოსვლა, კლიმატის ცვლილება, გადაჭარბებული ტყის ექსპლუატაცია და ძოვება“, -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარინა ჟორდანიამ.

ტრენინგი პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონვენციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში „ ფარგლებში გაიმართა.

Print