რეგიონი
GEM Fest-2017-ის უსაფრთხოებას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უზრუნველყოფს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest -2017“ ღონისძიების უსაფრთხოების საკითხებზე ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. მან ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა და საპოლიციო ძალების სქემა გააცნო. ასევე, ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.

მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, საპოლიციო ძალების გადანაწილება, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემა გააცნო და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა.

,, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ფესტივალის ორგანიზატორ მხარესთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე.შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველომ, „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები’’, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრას აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.

Print