ახალი ამბები
ინგირში ასფალტის ქარხანა ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე ასფალტის ქარხანას გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს წევრის მალხაზ ჭეჟიას თქმით, ამ დრომდე ქარხანიდან გამოსული ხმაური და გამონაბოლქვი ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

„ფაქტობრივად, დაძინების საშუალება არ გვაქვს, რადგან სამუშაოები დილის 8 საათიდან ან უფრო ადრე იწყება. არაფერს ვამბობ გამონაბოლქვზე, რომელიც ქარხნიდან გამოდის“, - აღნიშნა ჭეჟიამ.

თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა განაცხადა, რომ ქარხანას შეზღუდვები უკვე დაუწესდა. რეგულაციების თანახმად, ასფალტის ქარხანა ვალდებულია, რომ მუშაობა დილის ათის ნახევრამდე არ დაიწყოს და სამუშაოები 18:00-ზე დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხნის ადმინისტრაციას 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამასთან, ქარხანას აეკრძალა შაბათ-კვირას მუშაობა.

რაც შეეხება გამონაბოლქვს, საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, ეს მათ კომეტენციაში არ შედის და გარემოს დაცვის სამსახურის პრერპოგატივაა.

აშნიშნული ქარხანა შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ საკუთრებაშია, რომელიც ყოფილი პარლამენტარების ნაზი არონიას შვილს და მარიამ საჯაიას ძმას ნიკოლოზ საჯაიას ეკუთვნის.

Print