ახალი ამბები
დატბორილი ეზოები და შიდა საუბნო გზები - სტიქია ცაცხვსა და ცაიშში
დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ცაცხვსა და ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა.

ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცაიშში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, წვიმამ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ჩამორეცხა.

რაც შეეხება სოფელ ცაცხვს, აქ წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებში შევიდა.

გამგეობის ცნობით, ამ წუთებში სტიქიის ზონაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგლენლებთან ერთად იმყოფება. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

"ცენტრალური საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობის მხრივ შეფერხებები არ არის. ახლა მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდა", - უთხრა რადიო "ათინათს" გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.

რაც შეეხება სტიქიით მიყენებულ ზარალს, მას სპეციალური კომისია შეისწავლის.
Print