რეგიონი
წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მიქავას ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს
წალენჯიხაში გიორგი მიქავას მხარდამჭერ აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა მივიდა. ის მიქავას ოჯახის წევრებს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა. დეპუტატი გიორგი მიქავას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მოთავსებას უსამართლობას უწოდებს და ექსპერტიზის ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

„ ჩვენ ყველა ვიცნობთ გიორგის და ის საზოგადოებისთის საშიში ნამდვილად არ არის“, - თქვა დეპუტატმა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„ვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს ექსპერტიზა და გიორგი დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ქალაქს, მეგობრებს“, - ამბობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მიქავას, რომელსაც გონებრივი განვითარების შეფერხება აღენიშნება, გამგეობის კუთვნილი თუნუქის მეორადი ფურცლები აჩუქეს. სამართალდამცავებმა კი ის მაშინ დაიჭირეს, როცა მას ჯართი სახლში მიჰქონდა. მათივე ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგ კი გადაწყდა, რომ დაკავებულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსება და მკურნალობა იყო საჭირო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიქავა სოციალურ საშიშროებას წარმოადგენს და იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს. ოჯახის და მეგობრების მტკიცებით კი, მას ადამიანების მიმართ აგრესია არასოდეს გამოუვლენია და მისი საავადმყოფოში გამოკეტვა უსამართლოა.
მიქავას ახლობლები მის გასათავისუფლებად ხელმოწერებს აგროვებენ.

ამავე თემაზე:

წალენჯიხაში საპროტესტო აქცია იმართება
Print