ახალი ამბები
თბილისში დაღუპულ მუშას სამი მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა (ვიდეო)
თბილისში, დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული მუშა წალენჯიხის რაიონ სოფელ ჯგალის მკვიდრი 31 წლის ნუკრი სალიაა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისა და დაკრძალვის სახსრები არ გააჩნია. დაღუპული ამჟამად რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული.

„გამაგებინეთ, როგორ იყო ასეთი დაუცველი შენობა, 4 ადამიანი რომ ჩამოვარდა... გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა, მეოთხეს ახლა ველოდებით. ვთხოვთ ყველას, ვისაც ევალება, დაგვეხმაროთ და გვერდში ამოუდგეს ამ გაჭირვებულ ოჯახს“, - თქვა გარდაცვლილის ბიცოლამ ნათელა ესებუამ.

ისინი დახმარებას აღნიშნული კომპანიის მფლობელებისა და ხელისუფლებისგან ითხოვენ. გარდაცვლილსი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა სოფლის გამგებელი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს.

“ჩვენ გადმოსვენების ხარჯებს დავფარავთ და ერთჯერადადაც დავეხმარებით. რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, - აღნიშნა გამგებელმა მერაბ კვარაცხელიამ.



ნუკრი სალია ჯგალიდან თბილისში სამუშაოდ, დაახლოებით, 8 წლის წინ წავიდა. გარდაცვლილს ფეხმძიმე ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ისინი თბილისში, ნაქირავებ ბინაში წლებია ცხოვრობენ.

დიდუბის გამგეობაში ამბობენ, რომ კომპანია „Royal Group”, რომელიც სამუშაოებს ახორციელებდა, ზედამხედველობის სამსახურმა რამდენჯერმა გააფრთხილა.

„ბოლოს ორშაბათს მიიღეს გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, არ იყო მოწესრიგებული ეს საკითხი. მიმდინარეობს ექსპერტიზა და დაიდება დასკვნა, იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების ნორმები “, - აცხადებენ გამგეობაში.

რადიო „ათინათი“ სამშენებლო კომპანია „Royal group”-თან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, დაწესებულებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროში გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

დიდუბეში დღეს დილით შენობის დემონტაჟის დროს შენობის კედლის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 4 მუშა მოყვა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენები კი სხვადასხვა დაზიანებით თბილისის საავამდყოფოებში მკურნალობენ.

Print